საქართველოს საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები გააცნო დღეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის დელეგაციას, რომელსაც შვეიცარიის სავაჭრო პალატის მმართველი დირექტორი დორით სალისი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ქეთევან ბოჭორიშვილი და მიხეილ ჯანელიძე, ასევე შვეიცარის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი.
როგორც შვეიცარულმა მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, მათ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში. მათივე განცხადებით, შვეიცარული კომპანიები ამ მიმართულებით სწავლობენ როგორც აღნიშნულ სექტორებს, ისე საქართველოს ეკონომიკის სხვა მიმართულებებს და სურვილს გამოთქვამენ ჩვენს ქვეყანასთან კიდევ უფრო განავითარონ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის მომავალ ურთიერთობებზე და იმ პერსპექტივებზე, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში სარგებელს მოუტანს ქართული და ევროპული ბიზნეს-კომპანიების ურთიერთთანამშრომლობას.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს ხანში დაიგეგმება საინვესტიციო ფორუმი, რომელიც შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში გაიმართება.