თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი პრემიებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ დაუმსახურებელი პრემია არასდროს გაცემულა.
"ჩვენი საკრებულოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაუმსახურებელი პრემია არასდროს გაცემულა", _განაცხადა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე შიხიაშვილმა.
მისივე განმარტებით, საკრებულოში პრემიების გაცემის საკითხს წყვეტს არა ერთი ადამიანი, არამედ კოლეგიალური ორგანო - ბიურო.
,,მიმაჩნია, რომ თავის მართლება არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან, ვინაიდან საკრებულოში პრემიების გაცემის საკითხს წყვეტს არა ერთი ადამიანი, არამედ კოლეგიალური ორგანო - ბიურო. ბიუროზე ერთსულოვანი და ერთობლივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პრემიებთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ ეს პრემიები არის დამსახურებულად და თანაბრად ყველა თანამშრომელზე გაცემული როგორც დეპუტატებზე, ასევე აპარატის თანამშრომლებზე", _განმარტა შიხიაშვილმა და აღნიშნა, რომ დეპუტატების უმრავლესობა ხელფასს ქველმოქმედებაში დებს.
"არ ვაპირებდით ამის გასაჯაროებას მაგრამ, სამწუხაროდ, ამის თქმა გვიწევს, რომ საკრებულოს დეპუტატები, უმრავლესობის ნაწილი თავისი კუთვნილი ხელფასიდან გასცემდა ქველმოქმედებაში თანხებს, ჩვენი პარტნიორი იყო ,,ბერი ანდრეას ფონდი". ეს არის კიბოთი დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გაცემული თანხები. ჩვენი ეს თანამშრომლობა რომ გუშინ არ დაწყებულა, ამას მოწმობს ეს ხელშეკრულება, რომელიც 4 თვეა, გრძელდება", - განაცხადა შიხიაშვილმა.