ხვალ, 20 ივნისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სერბეთში, შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლით „როგორც გენებოთ'' (რეჟისორი ლევან წულაძე) წარდგება.
შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი თეატრებია მიწვეული, მათ შორისაა - მარჯანიშვილის თეატრი.
20 ივნისს ქართველი მსახიობები სპექტაკლს Villa Stankovic-ში ითამაშებენ. საზაფხულო ფესტივალზე მთელი მსოფლიოს თეატრები სწორედ იქ წარადგენენ შექსპირს.
„როგორც გენებოთ'' შექსპირის ყველაზე უცნაური პიესაა, - ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მტრობენ და იყვარებენ ერთმანეთს ღვიძლი ძმები, როგორ მოულოდნელად იცვლება ადამიანთა ცხოვრება ერთი შეხედვით ამოუცნობი მოვლენების გამო. ეს გახლავთ ამბავი ტყეში მიმოფანტული წმინდანების, შეყვარებულების, გარეული მხეცებისა და კაცად გადაცმული თამამი ქალწულების შესახებ.
პროექტი ინიცირებულია სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორის, ეკატერინე მაზმიშვილის მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო კულტურული პროგრამის - „ქართული სეზონის" ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები