დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით "ეროვნული საბჭოს" ტრადიციული, ხუთშაბათის მიტინგი გაიმართა.
აქციაზე "ხალხის პარტიის" ლიდერმა, კობა დავითაშვილმა ხათუნა კალმახელიძე უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი უამრავ ადამიანს ციხეებში სრულიად უკანონოდ ამყოფებს. დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პატიმარს ვადაზე ადრე გათავისუფლება ეხება, სამინისტრო ამას არ აკეთებს და კვლავ პატიმრობაში სტოვებს.
"კონსერვატორმა" კახა კუკავამ საპატიმროებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციხეებში ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც მინისტრად ხათუნა კალმახელიძეE დაინიშნა. მისი თქმით, ფიქსირდება პატიმრების ხელმძღვანელობის მხრიდან ცემის ფაქტებიც.
"ეროვნული საბჭო" შესაბამისი ორგანოების მხრიდან ხათუნა კალმახელიძის და სხვა მისი თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. მათი თქმით, მიტინგები არ დასრულდება მანამ, სანამ საქართველოში ერთი ე.წ. პოლიტპატიმარი მაინც იქნება.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭო" ე.წ. პოლტპატიმრების მხარდამჭერ მიტინგს ყოველ ხუთშაბათს მართავს.