16 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საქართველოში ვიზიტით მყოფ როტშილდის ფონდის წარმომადგენლებს სოფი ჰირთსა და ჯეკ ლოჰმანს ხვდება.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ეროვნული მუზეუმის გამოფენების დეპარტამენტის უფროსი ლელა წიწუაშვილი.
მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლების ვიზიტის ძირითადი მიზანია, გაეცნონ საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობას, რადგან მათ მიერ დაფინანსებული პროექტი საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის პირველ პრეცედენტს წარმოადგენს.
როტშილდის ფონდმა გამოყო ერთწლიანი გრანტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტისთვის „ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში და ებრაული მუზეუმის რენოვაცია თბილისში", პროექტის ავტორი და კოორდინატორია ლელა წიწუაშვილი.
როტშილდის გრანტის ფარგლებში გათვალისწინებულია ებრაული კოლექციების სრული მეცნიერული შესწავლა, ატრიბუცია, დარჩენილი ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაცია, დაჩარჩოება, მოწესრიგება და ფონდებში შესაბამის პირობებში დაცვა, კოლექციების სრული კატალოგიზაცია და ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნა. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება და ლექციათა ციკლი, რომელიც ჩაიწერება DVD-ფორმატში. სამომავლოდ პროექტი ითვალისწინებს კოლექციების მომზადებას აღდგენილი ებრაული მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში გამოსაფენად.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ებრაული კოლექციების დიდი ნაწილი იქნა შესწავლილი, რესტავრირებული, აღდგენილი და მოწესრიგებული. კოლექციები მოიცავს ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ძველ სამოსს, ქსოვილებს, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთებს. 2006 წლიდან საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელა ებრაული კოლექციების ამსახველი ხუთი დროებითი გამოფენა და გამოსცა ოთხი კატალოგი.