"სახალხო დემოკრატების" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დავით აღმაშენებლის ძეგლის პირვანდელ ადგილზე დაბრუნებას აპირებს.
"სახალხო დემოკრატებმა" აღმაშენებლის ძეგლის დიღომში გადატანა დღეს გააპროტესტეს და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაც გამართეს.
ივანიშვილის განმარტებით, "ბრძენი მეფისა და უძლეველი მხედართმთავრის ძეგლის ტრასაზე განთავსება დაუშვებელია".
"არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დავით აღმაშენებლის ძეგლი მის პირვანდელ ადგილზე დაბრუნდება, თუმცა, ამასაც ჩვენ თბილისელებს დავეკითხებით. თუ თქვენ ჩათვლით, რომ დიღომშიც უნდა იდგეს ჩვენი დიდი მეფის ძეგლი, ჩვენ თქვენთან ერთად დიღომში შევარჩევთ უკეთეს ადგილს ვიდრე ეს ტრასაა, გამოვაცხადოთ კონკურსი და აღმაშენებელს თბილისში მეორე ძეგლი დავუდგათ" - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები