დღეს, თბილისის იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე სააგენტოში დასაქმებულ შშმ თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარე მათ საქმიანობას გაეცნო. სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით სააგენტოში დასაქმებული შშმ პირებისთვის პერსონალური პორტატული კომპიუტერები გამოიყო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებულ როლს მათი დასაქმება ასრულებს. საჯარო რეესტრი, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მხარს უჭერს ამ ინტეგრაციას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობით კიდევ ერთი ნაბიჯს დგამს მათი შესაძლებლობების სრული რეალიზაციისკენ".
უკვე მეექვსე წელია შშმ პირები საჯარო რეესტრის იურიდიულ, რეგისტრაციისა და კადასტრის, საერთაშორისო, კანცელარიის, ადმინისტრაციისა და შიდა კონტროლის სამსახურებში წარმატებით მუშაობენ.
ამ დროისათვის სააგენტოში შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე 15 ადამიანია დასაქმებული. ისინი სამსახურებრივ მოვალეობებს ინტერნეტის საშუალებით, დისტანციურად ასრულებენ.