"ჩვენ უპრეცენდენტოდ გავზარდეთ ჯანდაცვის ბიუჯეტი და გარდა იმისა, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებული ხარჯია, ვინაიდან საქმე ეხება მოქალაქეთა ჯანმრთელობას, რეალურად მოხდა სექტორის სერიოზული გამოცოცხლება და აღორძინება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში" სტუმრობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაური კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად იმყოფებოდა. „ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორმა ნიკა ოქრიაშვილმა პრემიერს ლაბორატორია, ოფთალმოლოგიური კაბინეტი და ახალი ჰოსპიტალის მშენებლობა დაათვალიერებინა.
"ჯანდაცვის სფეროში სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად სამედიცინო სექტორი გახდა რენტაბელური და კონკურენტული. დღეს „ნიუ ჰოსპიტალსი" იწყებს გაფართოებას და კლინიკის არსებული მოცულობა სამჯერ გაიზრდება. ეს იქნება წამყვანი კლინიკა რეგიონში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი",სადაც 940 ადამიანია დასაქმებული, ყოველდღიურად 400-მდე პაციენტს ემსახურება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, კლინიკის დატვირთვის ზრდის გათვალისწინებით, კლინიკას შეემატება ორი კორპუსი საერთო ფართობით - 27 ათასი კვადრატული მეტრი. შედეგად ჰოსპიტალში საწოლების რაოდენობა 150-დან 400-მდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იქნება ყველაზე დიდი ჰოსპიტალი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. მშენებლობის დასრულება ორ წელიწადში იგეგმება.
--