საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისისა და 10 რეგიონის 40 საარჩევნო ოლქში დააკვირდება.
სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 40 ოლქში მობილური ჯგუფების მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე. საიას დამკვირვებლები იქნებიან ქვეყნის ყველა რეგიონში და შემდეგ ოლქებში: თბილისის 10 ოლქი, ასევე 1 ბათუმი; 2. ქობულეთი; 3. ხელვაჩაური; 4. ხულო; 5. ქუთაისი; 6. წყალტუბო; 7. თერჯოლა; 8. ხონი; 9. ამბროლაური; 10. ოზურგეთი; 11. ლანჩხუთი; 12. ჩოხატაური; 13. ზუგდიდი; 14. წალენჯიხა; 15. ხობი; 16. გორი; 17. ქარელი; 18. კასპი; 19. ხაშური; 20. ახალციხე; 21. ადიგენი; 22. ასპინძა; 23. რუსთავი; 24. მარნეული; 25. ბოლნისი; 26. გარდაბანი; 27. თელავი; 28. სიღნაღი; 29. ახმეტა; 30. დუშეთი.
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11 კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის.
ცხელი ხაზის ნომერზე 230-61- 63 დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში 4 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 23). პრესკონფერენცია გაიმართება: 10:00 საათზე; 14:00 საათზე; 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 16 ივნისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.