ნიდერლანდების ფოტოგრაფიის მუზეუმი 14 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოადგენს დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916) არქივის ფოტომასალის გამოფენას.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ნამუშევარი ფოტოგრაფის კოლექციიდან.
დ. ერმაკოვის არქივი აღნიშნული პერიოდის ამსახველ ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ კოლექციას წარმოადგენს და ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია. არქივი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩაუტარდა კონსერვაცია და რესტავრაცია რომელიც ნიდერლანდების ფოტოგრაფიის მუზეუმის და ნიდერლანდების ფონდ „ჰორიზონტის" ხელშეწყობით განხორციელდა.
დიმიტრი ერმაკოვი ფოტოგრაფიით 1860-იანი წლების დასაწყისში დაინტერესდა, 1880 წელს კი - საკუთარი ატელიე გახსნა თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე. საკმაოდ ვრცელია ერმაკოვის მოღვაწეობის არეალი - მის არქივში თავმოყრილია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სპარსეთის, ჩრდილოეთ კავკასიის, რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთის, შუა აზიის ქვეყნების და სხვა რეგიონების ამსახველი ფოტოსურათები, იგი იღებდა ურბანულ და ლანდშაფტურ პეიზაჟებს, არქიტექტურულ ძეგლებს, ეთნოგრაფიულ ჯგუფებს და პორტრეტებს.
დიმიტრი ერმაკოვის არქივი უნიკალურია, იგი მოიცავს 20 000-ზე მეტ ფოტოს, 16 000-მდე ნეგატივს, 13 000-მდე სტერეო სურათს, 100-მდე ფოტო ალბომსა და სხვადასხვა ტიპის ფოტოაპარატებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერმაკოვის არქივის უდიდესი ნაწილის მფლობელია, რომელიც წარმოადგენს იმ პერიოდის ამსახველი უნიკალური მასალის ერთ-ერთ სრულყოფილ ვერსიას.
გამოფენა იმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ნიდერლანდების ფოტომუზეუმისა და ნიდერლანდების ფონდი ჰორიზონტის" ერთობლივი ძალისხმევით.