13 ივნისს, 17:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „მე ვხედავ მზეს" პრემიერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება.
სპექტაკლი „მე ვხედავ მზეს" დიდი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის ხსოვნას მიეძღვნა. 13 ივნისს რეჟისორის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება.
გიგა ლორთქიფანიძისა და ნოდარ დუმბაძის შემოქმედებითი ტანდემი სპექტაკლით „ მე ვხედავ მზეს" მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 1962 წლის 30 ნოემბერს შედგა. მომდევნო წლებში გიგა ლორთქიფანიძის ინსცენირებით სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეჟისორმა შალვა გაწერელიამ დადგა. გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ „მე ვხედავ მზეს" სცენას დიმიტრი ხვთისიაშვილმა დაუბრუნა. სპექტაკლი მუსიკალურად ალექსანდრა ლორთქიფანიძემ გააფორმა, დამდგმელი მხატვარი ლომგულ მურუსიძე გახლავთ, კოსტიუმების მხატვარი კი - მაია სხირტლაძე.
„მე ვხედავ მზეს" მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპექტაკლია. მასში 74 მსახიობი მონაწილეობს.
თეატრალური პროექტი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.