ფოთში, მალთაყვას ტერიტორიაზე ყოფილი "ტურბაზა"-ს სამ კორპუსში აფხაზეთიდან დევნილი 32 ოჯახი 17 წლია ცხოვრობს. აღნიშნულ ობიექტებს სახელმწიფოს დახმარებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემონტებული ფართები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დაათვალიერა.
ღოგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ ობიექტებში ყველა ოთახი გარემონტდა, შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა შიდა და გარე კომუნიკაცია, სველი წერტილები, დაიგო იატაკი, და გაკეთდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
როგორც დევნილები აცხადებენ, ამჯერად მათი ერთადერთი მოსაგვარებელი საკითხი აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემაა.
"გული გვწყდება, რომ ადრე როგორც ვცხოვრიბდით სურათები არ გადავიღეთ. იატაკი ჩანგრეული იყო და ვირთხები დარბოდნენ, კედლები ყოველ წვიმაზე სველდებოდა, ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, ელექტროგაყვანილობა საშინელ დღეში იყო და ამის გამო შუქი ხშირად გვეთიშებოდა. 17 წლის მანძილზე დაგროვილი ყველა პრობლემა მოგვარებულია და თუ ამ ბინებს საკუთრებაში გადმოგვცემენ, სათქმელი არაფერი გვექნება", _ აცხადებს ოჩამჩირიდან დევნილი დათო შამუგია
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ფართები მათ საკუთრებაში გადაეცემათ.
"უნდა გენახათ, ადრე რა პირობებში იყვნენ და ახლა რა გაკეთდა. ეს ფართები მათი საკუთრება იქნება და ნორმალურ პირობებში იცხოვრებენ. ყოველდღე ასეთ ახალ-ახალ კორპუსებს ვხსნით, რომელიც გარემონტებულია და აფხაზეთში დაბრუნებამდე მათი ღირსეული საცხოვრებელი იქნება. როცა დაბრუნდებიან აქ გარკვეული კაპიტალიც ექნებათ", - განაცხადა სუბელიანმა.