სამთავრობო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ინფრასტრუქტურული კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა ბრიფინგი თბილისში, ორხევის დასახლებაში პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთი სამრეწველო დანიშნულების ობიექტზე გამართეს.
ორხევში მდებარე მიწის ფართი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით 15 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებული ინფრასტრუქტურული ობიექტის საბაზრო ღირებულება 430 ათასი ლარია. სახელმწიფო კი მას პროგრამით დაინტერესებულ მეწარმეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. პროგრამის თანახმად, მეწარმე ვალდებულია აღნიშნულ ქონებაზე განახორციელოს ქონების ღირებულების ექვსმაგი ოდენობის ინვესტიცია და 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს პროდუქციის გამოშვება.
,,ეს ობიექტი შესულია იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალში, რომელსაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მეწარმეებს სთავაზობს. ობიექტზე არის კომუნიკაციის ყველა საშუალება. გაყვანილია ელექტროენერგია, გაზი, წყალი,-‘'განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 1 ივნისიდან ამოქმედდა. პროგრამა რამდენიმე კომპონენტად არის წარმოდგენილი. სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს.
,,სამთავრობო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" მიზანია კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, განვითარება და ხელშეწყობა. პროექტის მოიცავს ორ მიმართულებას - სოფლის მეურნეობას და ინდუსტრიას. ყველა მეწარმეს, ვინც დაინტერესებულია საწარმოს შექმნით, საშუალება ეძლევა მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა და ისარგებლოს იმ ხელშეწყობის მექანიზმებით, რომელიც პროგრამით არის გათვალისწინებული‘' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა.
სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" 1 ივნისს დაიწყო და მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ უკვე ორი განაცხადი გავიდა - პროგრამის ფარგლებში 2 მეწარმეს მიეცა საშუალება დაიწყოს ადგილობრივი წარმოება.