„თეგეტა მოტორსის" ცენტრალურ ფილიალში ახალი, მულტიბრენდული დიზელის სერვისცენტრი გაიხსნა. როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი გიორგი მშვილდაძე განმარტავს, სერვისცენტრის მთავარი ორიენტირია დიზელზე მომუშავე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, მიკროავტობუსებისა და სპეც-ტექნიკის მომსახურება. მისვე განმარტებით, კადრების გადამზადება უკვე მოხდა კომპანია „ბოშის" მიერ და სერვისცენტრში მოსული კლიენტები „თეგატა მოტორსისგან" საკმაოდ კვალიფიციურ მომსახურებას მიიღებენ.
„ცენტრი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და მსოფლიოში ცნობილი დიზელის აპარატურის მწარმოებლების სისტემების შეკეთებას ემსახურება. დიზელის სერვისცენტრი „თეგეტა მოტორსის" ცენტრალურ ფილიალშია განთავსებული. სერვისცენტრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მეზობელ ქვეყნებში მისი ანალოგი არ არსებობს, მისი სერვისები ამიერკავკასიაში არსებულ სხვა ქვეყნებზეც ვრცელდება"- აღნიშნა „თეგეტა მოტორსის" კომერციულმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ.
დიზელის სერვისცენტრის მშენებლობაზე კომპანიამ 3,6 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 22 ადამიანი დაასაქმა.
სერვისცენტრის გახსნის ცერემონიალს დასწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ „თეგეტა მოტორსი" სიახლეებზე ორიენტირებული კომპანიაა და ახალი მულტიბრენდული სერვისცენტრის გახსნას სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
„დღეს „თეგეტა მოტორსში" ახალი მიმართულების პრეზენტაცია შედგა. ეს არის დიზელის სერვისცენტრი, რომელიც რეგიონის მასშტაბით იქნება წარმოდგენილი. მინდა ავღნიშნო, რომ მსოფლიოში დიზელის სისტემების მიწოდებაში „ბოში" არის უდაო ლიდერი - ეს არის მსოფლიო ბაზრის 70 %-ი. დიზელის სერვისცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა მოემსახურება, როგორც საქართველოს ბაზარს, ასევე მთლიანად რეგიონს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ სერვისცენტრის მშენებლობისთვის ინვესტირებულ იქნა 3,6 მლნ ლარი და აქ დასაქმდება 22 ადამიანი. აქ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს სრულყოფილი და კვალიფიციური სერვისი, ის სერვისი, რომელიც აქამდე რეგიონში არ არსებობდა"- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სერვისცენტრის გახსნის ცერემონიალს მთავრობისა და „თეგეტა მოტორსის" წარმომადგენლების გარდა კომპანია „ბოშის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელებიც საქართველოში სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.
„ჩვენ მოხარურნი ვართ ჩვენს პარტნიორ „თეგეტა მოტორსთან" თანამშრომლობით. ახალი სერვისცენტრის გახსნა ეს სერიოზული და აქტიური თანამშრომლობის შედეგია. „ბოში" დიზელის და ზოგადად საავტომობილო მოწყობილობებში უმსხვილესი მიმწოდებელია და ცხადია, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოში იმ საქმიანობას განაგრძობენ, რომელსაც ჩვენ მთელს მსოფლიოში ვეწევით. ავტომობილი ადამიანივითაა, მასაც სჭირდება მკურნალობა, თუმცა მისი მკურნალობა უნდა მოხდეს კვალიფიციურად. ავტომობილის მფლობელი დაინტერესებულია ზუსტად იყოს გამოკვლეული თუ რა სჭირს მის ავტომობილს, რათა შემდგომ შესაბამისი სერვისი მიიღოს. აღნიშნულის მიღება კი სწორედ ასეთი დონის ცენტრებშია შესაძლებელი"- განაცხადა კომპანია „ბოშის" წარმომადგენელმა ოლეგ რეაბცევმა.
დიზელის სერვისცენტრის მთავარი მიზანია, დიზელზე მომუშავე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების და სპეც-ტექნიკის მომსახურება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს და უზრუნველყოს საწვავი სისტემების აპარატურის მაღალი ხარისხის რემონტი. ამისთვის, სერვისცენტრი სპეციალიზებული სადიაგნოსტიკო-სარემონტო სტენდებითა და დანადგარებით აღიჭურვა. იმისათვის, რომ მომსახურება მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, ცენტრი აქტიურად ზრუნავს მექანიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სერვისის მომხმარებლებს ემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები რომლებსაც სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი: გერმანიაში და უკრაინაში.