იუსტიციის მინისტრი და უწებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი პროკურატურის მიერ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოკვლევას მიესალმება.
,,მივესალმები, უწყებათაშორისი კომისიის მიერ გადაცემული ინფორმაციების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტის გამოკვლევას და ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით 100-ზე მეტი პირის გამოკითხვას.
მოცემული 80 შემთხვევიდან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ და კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი მოტივი (ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, გადატვირთულობა, გვარის შეცვლა, და ა.შ.)დაასახელეს", _განაცახდა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, მისასალმებელია როცა უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე პროკურატურამ დაიწყო გორში, კანდიდატზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება.
,,მივესალმები მთავარი პროკურატურის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას, შეესრულებინა უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია, რის შედეგადაც გორში, კანდიდატზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ საია-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, პროკურორმა პირის გამოკითხვაში მონაწილეობა მიაღებინა თავად საია-ს, რომლის დროსაც საია-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზეწოლის შესახებ ზეწოლის სავარაუდო მსხვერპლმა არ დაადასტურა.
მივესალმები მთავარი პროკურატურის ინიციატივას, სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკურ აქტივისტებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, გამოკითხვის პროცესში ჩართონ ინფორმაციის მომპოვებელი არასამთავრობო ორგანიზაციაც, როგორც ეს მოხდა საია-ს შემთხვევაში", _განაცახდა წულუკიანმა და პროკურატურას მოუწოდა ინტენსიურად გააგრძელოს პირთა გამოკითხვა, სავარაუდო, ზეწოლის შესახებ უწყებათაშორის კომისიაში შემოსული ყველა ფაქტის გამოკვლევის მიზნით.
,,მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, კვლავ ინტენსიურად გააგრძელოს პირთა გამოკითხვა სავარაუდო ზეწოლის შესახებ უწყებათაშორის კომისიაში შემოსული ყველა ფაქტის გამოკვლევის მიზნით და ბოლომდე მიიყვანოს მოქმედებები იმ 4 საქმეზე, რომლებზეც უკვე დაწყებულ იქნა გამოძიება.მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, გააგრძელოს მუშაობა მუქარის შემცველი ზარების ავტორების და იმ პირთა ვინაობის დასადგენად, რომლებსაც ეკუთვნით ტელეფონის ნომრები, შესაძლოა იყვნენ მუქარების ავტორები ან ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პროკურატურის მიერ ფაქტების გადამოწმების პროცესში გამოიკვეთა შემაშფოთებელი ფაქტები. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატმა - კახა კილაძემ განმარტა, რომ მის მიერ კანდიდატურის დაყენება და შემდეგ მოხსნა წინასწარ იყო შეთანხმებული ნაციონალურ მოძრაობასთან და რომ ის ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავს. მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, რომ გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით, რათა გამოირკვეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წინასწარ დაგეგმილ სცენარს კანდიდატების დაყენების, ხოლო შემდეგ მოხსნის შესახებ ვითომ ზეწოლის მოტივით.მივესალმები მთავარი პროკურატურის მიერ ჟურნალისტ მერაბ როდონაიას წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიისას ზუგდიდში განხორციელებული უკანონო ქმედების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. ამ ფაქტის შესახებ უწყებათაშორის კომისიას ინფორმაცია მოაწოდა საია-მ და მოვუწოდებ საია-ს და ჟურნალისტ როდონაიას, რომ როდონაიამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა მოხდეს დამნაშავე პირთა იდენტიფიკაცია და დასჯა. ჟურნალისტი როდონაია უკვე მეორედ არ გამოცხადდა (ბოლოს დღეს ორ საათზე იყო დაბარებული) ზუგდიდის პოლიციაში გამოკითხვის მიზნით. მივესალმები მთავარი პროკურატურის მიერ ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ორი პირი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით", _განაცახდა წულუკიანმა.