დღეს, 12 ივნისს, 13:30 საათზე, თეგეტა მოტორსის ცენტრალურ ფილიალში გაიმართება ახალი, მულტიბრენდული დიზელის სერვისცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია. სერვისცენტრის მთავარი ორიენტირია დიზელზე მომუშავე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, მიკროავტობუსებისა და სპეც-ტექნიკის მომსახურება. დიზელის სერვისცენტრის მშენებლობაზე კომპანიამ 3,6 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 22 ადამიანი დაასაქმა.
ცენტრი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და მსოფლიოში ცნობილი დიზელის აპარატურის მწარმოებლების სისტემების შეკეთებას ემსახურება. დიზელის სერვისცენტრი „თეგეტა მოტორსის" ცენტრალურ ფილიალშია განთავსებული. სერვისცენტრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მეზობელ ქვეყნებში მისი ანალოგი არ არსებობს, მისი სერვისები ამიერკავკასიაში არსებულ სხვა ქვეყნებზეც ვრცელდება.
გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული სტუმრები ბოშიდან: ენრიკო მანუელე - ევროპის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი, ტოპ-მენეჯერები, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები და პარტნიორი კომპანიების წამომადგენლები.
დიზელის სერვისცენტრის მთავარი მიზანია, დიზელზე მომუშავე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების და სპეც-ტექნიკის მომსახურება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს და უზრუნველყოს საწვავი სისტემების აპარატურის მაღალი ხარისხის რემონტი. ამისთვის, სერვისცენტრი სპეციალიზებული სადიაგნოსტიკო-სარემონტო სტენდებითა და
დანადგარებით აღიჭურვა. იმისათვის, რომ მომსახურება მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, ცენტრი აქტიურად ზრუნავს მექანიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სერვისის მომხმარებლებს ემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები რომლებსაც სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი: გერმანიაში და უკრაინაში.
=