დღეს, 12 ივნისს, 18:00 საათზე, ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ფესტივალის „თეატრალური იმერეთი-2014" საზეიმო დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოების საპატიო ცერემონია.
თეატრალურ კონკურს-ფესტივალს, რომელშიც იმერეთის რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების თეატრალური დასები მონაწილეობს, ორი კვირის განმავლობაში მასპინძლობს მესხიშვილის თეატრი.
თეატრალური იმერეთი პირველად 2002 წელს ჩატარდა. წელს ფესტივალი უკვე მეოთხედ იმართება იმერეთის თეატრალური საზოგადოების (თავმჯდომარე ლევან როხვაძე) ინიციატივითა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი (ჟიურის თავმჯდომარე), რეჟისორი კოტე აბაშიძე, მწერალი და დრამატურგი თემურ ლანჩავა და იმერეთის ვიცე გუბერნატორი სალომე იობიძე. გამარჯვებულებს ფასიან საჩუქრებთან, ფულად ჯილდოსთან და დიპლომებთან ერთად, ფესტივალის სიმბოლო გადაეცემათ, რომლის ავტორიც მხატვარი თევდორე ბიჩინაშვილია.
ფესტივალში სულ იმერეთის რეგიონის 13 თეატრალური დასი მონაწილეობდა. იმერეთის რეგიონი საქართველოში ერთადერთი რეგიონია, სადაც რაოდენობრივად ყველაზე მეტი თეატრალური კერა ფუნქციონირებს.