12 ივნისს, 20:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მცხეთაში, გუჯარის დარბაზის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება აქცია-პრეზენტაცია „გვაქვს უთვალავი ფერითა".
ღონისძიებაზე წარმოადგენენ ფერადი ქვებით მინაზე შესრულებულ აბსტრაქციას, რომლის შუაგულში წრეწირის ცენტრისკენ მიმართული შვიდი ხაზი იქნება. პროექტის ერთ-ერთი ავტორის, დედა სიდონიას თქმით, მთავარი იდეა სხვადასხვა სოციუმის საერთო ინტერესებითა და ფასეულობებით გაერთიანებაა.
საღამოს მუსიკალურად კლასიკური კვარტეტი გააფორმებს. აქცია-პრეზენტაციაზე ასევე, გამოფენენ ფოტონამუშევრებს, სამკაულებს, ფსკვნილებსა და ნაქარგებს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ანსამბლი „სუხიშვილები".
აქცია-პრეზენტაციის მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად არიან თბილისის მერია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და კომპანია „სარაჯიშვილი".