აჭარაში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, დავით ბალაძესთან და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ვასილ ხორავასთან ერთად დღეს საბაჟო-გამშვები პუნქტის „სარფი" ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. საბაჟო პროცედურების, გადამხდელთა მომსახურების ხარისხის შესახებ გაესაუბრა იმპორტიორებსა და მგზავრებს. გარდა ამისა, მინისტრი გაეცნო საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას.
ბათუმის რეგიონულ სერვის-ცენტრში ფინანსთა მინისტრი დაინტერესდა გადამხდელთა მომსახურების პროცედურებით, ელექტრონული სერვისებით, ზოგადად, რეგიონში გადამხდელთა აქტივობით.
დღესვე, ნოდარ ხადური იმყოფებოდა „ადლიის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სადაც გაეცნო გაფორმების პროცედურების მიმდინარეობას. აღსანიშნავია, რომ გეზ-ის ტერიტორიაზე ასევე განახლდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, კინოლოგიური სამსახურის გამართული ფუნქციონირებისთვის ძაღლებისთვის აშენდა სპეციალური ვოილერები.
ფინანსთა მინისტრმა ასევე მოინახულა ბათუმის პორტი და გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. ამ პერიოდში ბათუმის პორტის გამართულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის დროებით შეჩერების გამო ტვირთების, მათ შორის, ტრანზიტული საქონლის ნაწილი ქვეყანაში სწორედ აღნიშნული პორტის საშუალებით მოძრაობს.