ცესკოს თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. თამარ ჟვანიამ მათ იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში შშმ პირთათვის თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით განახორციელა. ამ მიმართულებით პროექტები ცესკოსთან არსებული სასწავლო ცენტრისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელი ნერმინ ნიშიჩი შეხვედრის მონაწილეებს შშმ პირთა არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადაპტირებულ უბანთა რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით შეადგენს 460-ს. კენჭისყრის დღეს მობილური ჯგუფები ეტლით მოსარგებლე ან მოძრაობის შეფერხების მქონე ამორმჩევლებს, სურვილის შემთხვევაში 7 ქალაქში მოემსახურებიან. უბანზე მისულ სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ, პორტატული კომპიუტერების გამოყენებით, იხილონ კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ საინფორმაციო ვიდეო რგოლი სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა). ხოლო მცირემხედველ ამომრჩევლებს, წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა 3,636 საარჩევნო უბანზე გამოიყენონ სპეციალური გამადიდებელი ხელსაწყო ე.წ. ლინზის ფურცელი. ასევე პირველად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობისა და გააქტიურების მიზნით, ცესკომ სარეკლამო/საინფორმაციო ვიდეო რგოლის დამზადება უზრუნველყო, რომელიც ცენტრალური და რეგიონალური ტელეკომპანიების და რადიო ეთერშია განთავსებული.
ზემოაღნიშნული აქტივობები ცესკოში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით განხორციელდა.