მიმდინარე წლის 10 ივნისს, შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც გახსნა საბჭოს თავმჯდომარემ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
სხდომას ესწრებოდნენ სამინისტროების შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მათ შორის, შიდა აუდიტის უფროსები თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროებიდან, სადაც შიდა აუდიტის სუბიექტები წელს ჩამოყალიბდა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ OECD/SIGMA-ს ექსპერტი ჯუპ ვროლიკი და ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ირაკლი ხმალაძე.
შეხვედრაზე განიხილეს ჰარმონიზაციის ცენტრის წლიური ანგარიში, არსებული სტატისტიკა, 2014 წლისათვის დაგეგმილი ღონისძიებები, კანონში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და სხვა.
საუბარი ასევე შეეხო სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის გაძლიერებისთვის ნაკისრი ვალდებულებებისა და მათი შესრულების გეგმის დამტკიცებას, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ რეკომენდაციებს შიდა და გარე აუდიტების განვითარების შესახებ.
დღესვე საბჭომ მხარი დაუჭირა ჰარმონიზაციის ცენტრის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბებას.