შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის რომან შამათავას ადვოკატი რომეო საჯაია მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დამძიმებას აბსურდულს უწოდებს და მას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აფასებს.
,,შს სამინისტრო ჭიკაიძისა და გიორგობიანის მონაწილეობით სერიალებს გვთავაზობს. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი კეთდება წინასაარჩევნო პიარისთვის. ასეთ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ამ საქმის მოწმეები არიან ისინი, რომლებიც შამათავს წინა საქმეების მოწმეები არიან. საქმეში ჩვენებები დევს 2013 წლის, შსს-ს თუ ეს საქმე გამოძიებული ჰქონდა, მაშინ რას ელოდებოდნენ, რატომ არ წარუდგინეს შამათავას ეს ბრალი უფრო ადრე", _განაცხადა საჯაიამ.
შეგახსენებთ, რომ შსს ინფორმაციით, რომან შამთავას სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერ დათო ცინდელიანის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის რომან შამათავას ბრალი ასევე რამდენიმე დღის წინათაც დაუმძიმდა. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.