12 ივნისს თბილისის ზოოპარკი არ იმუშავებს, რაც ახალი სპილოს ჩამოყვანას უკავშირდება. როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თბილისის ზოოპარკს აზიური მამრი სპილო გრანდი შეემატება, რის გამოც ხუთშაბათი დასვენების დღედ გამოაცხადეს.
ზოოპარკის ხელმძღვანელობა ბოდიშს უხდის დამთვალიერებელს შექმნილი უხერხულობისთვის და 13 ივნისიდან ეპატიჟება გრანდის სანახავად.
აზიური სპილო (Elephas asiaticus) გავრცელებულია ინდოეთში, ბირმაში, ნეპალში, ტაილანდში, ვიეტნამში, მალაიზიაში, კუნძულ სუმატრაზე, შრი-ლანკაზე. მისი მოთვინიერება და გაწვრთნა ადვილია. როგორც ამოწყდომის გზაზე მდგომი სახეობა, შეტანილია "წითელ წიგნში".