ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მედიას 2014 წლის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით არსებული ვითარება და მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გააცნო. როგორც ხადურმა განცხადა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2014 წლის პირველი კვარტალში შეადგინა 6, 879 მლნ ლარი, რაც 605 მლნ ლარით მეტია 2013 წელთან (6,274 მლნ ლარი) ხოლო 1 მლრდ 97 მლნ ლარით მეტია 2012 წელთან (5,781 მლნ ლარი) შედარებით; 2014 წლის იანვარ-აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ შეადგინა 9,312 მლნ ლარი, რაც 739 მლნ ლარით მეტია 2013 წელთან (8,573 მლნ ლარი), ხოლო 1 მლრდ 354 მლნ ლარით მეტია 2012 წელთან (7, 958 მლნ ლარი) შედარებით;2014 წლის აპრილში მშპ-ის მოცულობამ შეადგინა 2,433 მლნ ლარი, რაც 133 მლნ ლარით მეტია 2013 წლის აპრილთან (2,300 მლნ ლარი), ხოლო 256 მლნ ლარით მეტი 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან (2,177 მლნ ლარი) შედარებით.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების ანალიზი გვაჩვენებს, რომ 2014 წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკის აქტივობა დარგების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:სოფლის მეურნეობა - 31,10%, მშენებლობა - 28,60%, ოპერაციები უძრავი ქონებით და იჯარით - 18,9%, სამთო და დამამუშავებელი მრეწველობა - 13,70%.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში კლება შეინიშნება შემდეგ სფეროებში: კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევის სექტორი (მ.შ სათამაშო ბიზნესი) (- 13.00% ), საფინანსო საქმიანობის სექტორში (-1,40%).
2014 წლის იანვარ-მაისში საგადასახადო შემოსავლების სახით ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულია 2 786,6 მლნ ლარი, რაც 130,6 მლნ (4,9%) ლარით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2014 წლის იანვარ-მაისის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 101,0%-ით შესრულდა და ნომინალურ გამოხატულებაში ფაქტიურმა მაჩვენებელმა საპროგნოზოს 27,9 მლნ ლარით გადააჭარბა.
საშემოსავლო გადასახადის სახით ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულია 820.5 მლნ ლარი, რაც 61 მლნ ლარით აღემატება გასული წლის, ხოლო 164 მლნ ლარით 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2014 წლის 1 აპრილიდან დაიწყო დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება და აპრილ-მაისში 300 ათას ფიზიკურ პირს ჯამში 89,2 მლნ ლარი დაუბრუნდა. რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს, როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ 5 თვის მონაცემით, მობილიზებულია 1 269,3 მლნ ლარი, რაც 12,3%-ით (139,0 მლნ ლარით) მეტია გასული წლის მაჩვენებელზე, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელს 150.8 მლნ ლარით აღემატება.
უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 2007 წლიდან 2013 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა და 2012 წელს საგარეო ვალი 4, 357 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა. 2013 წლიდან ვალის მოცულობა მცირდება. გასულ წელს საგარეო ვალის მოცულობამ შეადგინა - 4, 202 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 5 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 4,108 მლნ აშშ დოლარია. რაც შეეხება საგარეო ვალების მომსახურებას. ორმხრივი და მრავალმხრივი კრედიტების გასტუმრების კუთხით 2013-2014 საქართველოს ხელისუფლება საგარეო ვალის მომსახურებისთვის გასულ წლებთან შედარებით ყველაზე დიდ თანხას გადაიხდის. 2013 წელს საგარეო ვალის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების 82%, ხოლო 2014 წლისთვის გასაწევი ხარჯების 75.6% მოდის 2003-2012 წლებში აღებული სესხების მომსახურებაზე. 2013 წელს საგარეო ვალის მომსახურებაზე დაიხარჯა 194 მლნ აშშ დოლარი, 2014 წელს კი, გადავიხდით 288 მლნ აშშ დოლარს. დღეის მდგომარეობით არსებული მონაცემების საფუძველზე, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიღწევა რეალურია.