ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი რუსეთში მასზე, ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე და თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზე ძებნის შესაძლო გამოცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მათ ამ განზრახვას კარგად ახორციელებენ ქართველი გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები.
,,მოვისმინე, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები აპირებენ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს და მე ბრალი წაგვიყენონ 2008 წელს რუსული აგრესიისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მათ ამ განზრახვას, ჩემთან დაკავშირებით უკვე წელიწადზე მეტია წარმატებით ახორციელებენ ქართველი გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები. ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ ასრულებენ არა ქართველი ხალხის, არამედ პუტინის რეჟიმის დაკვეთას.პუტინის რეჟიმი არ მალავს, ვინ მიაჩნია საქართველოში თავის მთავარ მტრად. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული მტრების სიაც ზუსტად ანალოგიურია. იდენტურია მათი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით. ვინ არიან პოლიტპატიმრებიც.
მინდა მოვუწოდო ქართველ პროკურორებსა და მოსამართლეებს, ნუ იქნებიან ბრმა იარაღი პუტინის ხელში. დამოუკიდებელი საქართველო ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან, სწორად შეაფასებს", _აცხადებს მერაბიშვილი.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს. ინფორმაციას აის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„როგორც საგამოძიებო კომიტეტიდან მომავალი ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, საქართველოს ექს-მეთაურზე მიხეილ სააკაშვილზე სამხრეთ ოსეთში 6 წლის წინ მომხდარი ამბების გამო შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს",_ წერს რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, სააკაშვილზე შესაძლო ძებნის გამოცხადების შესახებ განცხადება, საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა და ასევე აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობაში შესაძლოა მიეცენ სახელმწიფოს სხვა ოფიციალური პირები, რომლებსაც მაღალი თანამდებობები ეკავათ და ისინი ვინც არიან ინიციატორები ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტისა.
„შენი საშინელი მოქმედებებისა და მიზნებისათვის პასუხი უნდა აგო",_ მიიჩნევენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.