ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს წევრებმა და საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც ბიზნესისთვის აქტუალურია. ისაუბრეს იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ასახულია საგადასახადო ომბუდსმენის 2014 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში.
„ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საგადასახადო ომბუდსმენთან. დღეს განვიხილეთ საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს. არის თემები, რომელზეც შეთანხმება მარტივია, რიგ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს. შევეცდებით უახლოეს მომავალში პოზიციები ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდეს, რათა ბიზნესგარემო საქართველოში იყოს უფრო მიმზიდველი და ბიზნესისთვის თავსატეხი იყოს არა ის, თუ როგორ წაიკითხოს საგადასახადო კანონმდებლობა, არამედ ის, როგორ შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და იზრუნოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ ფინანსთა სამინისტროს მიდგომებს, ჩვენის მხრივ, სამინისტროს ვაცნობთ იმ პრობლემატიკას, რაც აქტუალურია ბიზნესისთვის. დღეს განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ყადაღა არაღიარებულ დავის პერიოდში, შემოწმების რეგლამენტები, დანაკარგების ნორმები და სხვა. შეხვედრები გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ მათი ეფექტიანობა და შედეგიანობა უფრო და უფრო გაიზრდება," - აღნიშნა ბიზნეს ომბუდსმენმა, გიორგი გახარიამ.
შეხვედრაზე იმსჯელეს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობის დახვეწის, მისი ლიბერალიზაციის კუთხით მიმდინარე სამუშაოებზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა ერთობლივ რეჟიმში გაგრძელდება.