დედაქალაქის მერიის მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული უფასო არქიტექტურული პროექტის მიხედვით, 170 კვ. მ. ფართობზე კერძო მესაკუთრეები ერთსართულიან, თანამედროვე სახლს ააშენებენ.
მსურველებმა სახლის პროექტი მერიის ვებ-გვერდიდან უფასოდ აირჩიეს, მშენებლობის ნებართვა კი სამი დღის ვადაში მიიღეს.
დაწყებული სამუშაოები სოფელ დიღომში დღეს ქალაქის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
თბილისის მერიამ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და არქიტექტორების წახალისების მიზნით, პროექტის განხორციელება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მზა 37 პროექტი 29 არქიტექტორისაა, რომლებმაც კონკურსით გაიმარჯვეს.
დედაქალაქის მერი სოფელ დიღომში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა. გიგი უგულავამ ადგილობრივებს 2010 წლის დასაქმების ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრაზე მოსახლეობამ მიწის ლეგალიზების პრობლემაზე ისაუბრა. გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარება მერიამ დაიწყო, თუმცა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი დარჩა.