საქართველოსა და ევროკავშირის კულტურული დაახლოების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით დავით კაკაბაძის ნამუშევრების რეტროსპექტივა პარიზში 2014 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 15 თებერვლამდე.
8 ივნისს, 15:00 საათზე, წინანდლის სახლ-მუზეუმში გამოიფინება პარიზში დაგეგმილი ექსპოზიციის ნაწილი. გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ დავით კაკაბაძის, როგორც ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ასევე მხატვრის ფოტონამუშევრები. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ფილმი „ჯიმ შვანთე" (რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი, მხატვარი დავით კაკაბაძე). ექსპოზიცია წინანდალში 2014 წლის ივნის-ივლისის განმავლობაში დარჩება.
დავით კაკაბაძის გამოფენა 2014 წლის 17 სექტემბერს პარიზში, მაიოლის მუზეუმში (Musée Maillol) გაიხსნება. მაიოლის მუზეუმი 5 თვის განმავლობაში უმასპინძლებს ექსპოზიციას, სადაც დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარი იქნება გამოფენილი, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიული კოლაჟები და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკა, ზეთის და აკვარელის ნამუშევრები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კაკაბაძეების ოჯახის კერძო კოლექციიდან.
მაიოლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია წარმოადგენს ფრანგი მოქანდაკის და მხატვრის არისტიდ მაიოლის ნამუშევრებს. მუზეუმი ასევე ცნობილია დროებითი გამოფენების განსაკუთრებით მაღალი ხარისხით.
დავით კაკაბაძე - (20 აგვისტო, 1889 - 10 მაისი, 1952) ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, ხელოვნების თეორეტიკოსი და გამომგონებელი, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქართული ხელოვნება გლობალურ მოდერნისტულ მოძრაობას დაუახლოვა.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია სილქნეტი.
მასალის გამოყენების პირობები