სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეწარმეებისათვის ინფორმაციის ინტენსიურ მიწოდებას იწყებს. ამ მიზნით უწყებამ პირველი ღია კარის დღეც მოაწყო, რომელსაც 400 -მდე მეწარმე ესწრებოდა.
შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილი პროგრამის მიმართულებებზე და იმ პირობებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ღია კარის დღეს ესწრებოდნენ პროგრამის მონაწილე კომერციული ბანკების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.
ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრის განცხადებით, პროგრამისადმი ინტერესი დიდია და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი.
„დღეს გვქონდა შეხვედრა ბიზნესის ძალიან ფართო წრეების წარმომადგენლებთან და ვისაუბრეთ პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში". მადლობა მინდა ვუთხრა, მათ ვინც მოვიდა. ინტერესი იმდენად მაღალი იყო, რომ დარბაზში ადგილები აღარ იყო და ფეხზე იდგა ხალხი. ძალიან ბევრი შეკითხვა იყო, თუ ვის ეხება, ვის არ ეხება, რა ჩარჩოებზე ვრცელდება ეს პროგრამა. მინდა ავღნიშნო, რომ ეს პროგრამა არის უნიკალური შანსი ყველა დამწყები ბიზნესმენისთვის, რათა მათ საკუთარ გეგმებს ფრთები შეასხან და ჩამოაყალიბონ ახალი საწარმოო ობიექტები, როგორც სასოფლო,. ისე არასასოფლო მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა იყო.
დღეს იყო მოწვეული საკმაოდ ფართო წრე ბიზნესმენების, როგორც თბილისიდან ასევე რეგიონებიდან. საწარმოთა მართვის სააგენტოს რეგიონალური ფილიალები და ასევე სოფლის მეურნეობის პროგრამების მართვის სააგენტოს ფილიალები მომზადებული იქნებიან ნებისმიერი კითხვის საპასუხოდ"- აღნიშნა მეწარმეებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 6 ივნისის მთავრობის სხდომაზე ორი პროექტი დამტკიცდა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა " აწარმოე საქართველოში" 1 ივნისს დაიწყო და მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ უკვე ორი განაცხადი გავიდა. დღეს, პროგრამის ფარგლებში 2 მეწარმეს მიეცა საშუალება დაიწყოს ადგილობრივი წარმოება.
"ესენი არიან მცირე საწარმოები - ერთი არის პლასტიკის ნაწარმის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერებს აწარმოებს. ეს მცირე საწარმო კასპში კეთდება. მეორე არის საფეიქრო საწარმო რუსთავში , კერძოდ, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ტყავის გადამამუშავებელი მცირე საწარმო. ჩვენ, ჩვენს ნაწილში გვევალება, რომ სახელმწიფო ქონების საკითხები გამოვიტანოთ მთავრობაზე. დანარჩენი დაფინანსების ნაწილში უკვე ბანკებთან არის მემორანდუმი ხელმოწერილი და ისინი ბანკებთან აგრძელებენ ურთიერთობას" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ორივე პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი იქნება ნახევარი მილიონი ლარი. თუმცა, დაპროექტება ახლა ხდება და მთლიანი ინვესტიციების რაოდენობაც მოგვიანებით დადგინდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, კასპის რაიონში შპს "ჯი-ემ-პლასტიკის" სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების წარმოებისთვის მინიმალური ინვესტიცია 204 ათასი ლარი იქნება და 30 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. რუსთავში საფეიქრო საწარმო შპს " შაქრო" კი 104 ათასი ლარის მინიმალურ ინვესტიციას განახორციელებს და საწყის ეტაპზე 45 ადამიანს დაასაქმებს.
პრესკონფერენციაზე პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილის ვალდებულებებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მეწარმეები საკუთრებაში მიიღებენ ქონებას იმ პირობით, რომ პირნათლად შეასრულებენ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას და უახლოესი ორი წლის განმავლობაში ობიექტის ღირებულების ოთხმაგი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ.
სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციას რუსთავისა და კასპის საწარმოს მეწარმეებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით მცირე საწარმოების ამოქმედება უახლოეს დღეებში დაიწყება, მათი პროდუქციის 90 პროცენტი კი ევროპაში ექსპორტზე გავა.