7 ივნისს, 15:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სასკოლო კონკურსის - „ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობა" - გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. გამარჯვებულებს სიგელებსა და საჩუქრებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია გადასცემს.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენის, დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს 200-მდე სკოლის მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო სასკოლო კონკურსში - „ტრადიციული ხელსაქმე და ხელოსნობა". კონკურსის შედეგად გამოვლინდა 31 სკოლის 45 გამარჯვებული იდეა. 57 სკოლის მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელებს მიენიჭა „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის" წოდება.
უნიკალური ნიმუშების გარდა, კონკურსის შედეგად, წელს პირველად გამოვლინდა მივიწყების პირას მყოფი ქართული ტრადიციული ხელსაქმისა და ხელოსნობის ტექნოლოგიების იშვიათი „საფრთხის ქვეშ მყოფი ელემენტები".
კონკურსის ფარგლებში, ექსპერტების გადაწყვეტილებით, „ცოცხალი საუნჯის" სტატუსი მიენიჭა ახალციხის რაიონის სოფელ მუსხის უხუცეს მკვიდრს, ქალბატონ მარიამ ჟუჟუნაძეს, რომელიც განსაკუთრებული უნარ-ჩვევებით გამოირჩევა და ახალგაზრდა თაობას გადასცემს ძაფის დამუშავების, ღებვის და ხალიჩა-ფარდაგების ქსოვის ტრადიციული ოსტატობის საიდუმლოს. გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრების მიხედვით დაიბეჭდა ილუსტრირებული ბროშურა „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგი".
კონკურსი ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით, გაზეთის „ახალი განათლება" რედაქციასთან თანამონაწილეობით.