რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის დოვილში უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„დიალოგის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა უკრაინაში არსებული კონფლიქტის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს და შეეხნენ საკითხს შესაძლო შეთანხმების გაფორმებაზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
საუბარი მიდიოდა დეესკალაციის ზომებზე, მათ შორის მოსკოვის მიერ პოროშენკოს აღიარებაზე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დეტალები უახლოეს დღეებში იქნება განხილული",_ ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამას გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესწრებოდა. პუტინისა და პოროშენკოს საუბარი მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.