ტელეკომპანია "მაესტროსა" და "რადიო უცნობის" ერთობლივი გადაცემა "უცნობი კავკასია" დაიხურა.
ოფიციალური მიზეზი ფინანსური პრობლემებია, თუმცა გადაცემის ერთ-ერთი წამყვან ზვიად ქორიძეს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დებატების შეწყვეტა ბევრ კითხვასა და ეჭვს ჰბადებს.
ქორიძე "მაესტროს" ეროსი კიწმარიშვილსა და გენერალურ დირექტორ კახა ბექაურის ტანდემზე აკეთებს აქცენტს და მათ ზურაბ ნოღაიდელთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ მალე "უცნობი კავკასიის" ბედი "პროფესია ჟურნალისტმაც" გაიზიაროს და ისიც დაიხუროს.
"ბექაური და კიწმარიშვილი მათთვის ჩვეული ამინდის შექმნას ცდილობენ, თუმცა ძნელია თქმა, რომ ისინი რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის კერძო ინტერესს გამოხატავდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ ნოღაიდელს თავიდანვე ჰქონდა "მაესტროს" მიმართ ინტერესი და როცა 2008 წლის შემოდგომაზე ის პრემიერობიდან გადადგა, მისი პირველი ნაბიჯი სწორედ ის იყო, რომ "მაესტროს" მიადგა და მასში ფულის ჩადება მოითხოვა", - განაცხადა ქორიძემ "უცნობი კავკასიის" დახურვის საკითხზე კომენტირებისას.