დღეს, 6 ივნისს, 18:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა „პაოლო იაშვილი და ცისფერყანწელები" გაიხსნება. გამოფენა პაოლო იაშვილის 120 წლის იუბილეს ეძღვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცამეტი ცისფერყანწელის - პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის, ნიკოლო მიწიშვილის, სერგო კლდიაშვილის, რაჟდენ გვეტაძის, გიორგი ლეონიძის, სანდრო ცირეკიძის, შალვა კარმელის, ალი არსენიშვილის, შალვა აფხაიძის, ლელი ჯაფარიძის - ფოტოები, ავტოგრაფები, მემორიალური ნივთები, ჟურნალ-გაზეთები და წიგნები; ასევე სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტები და შარჟები.
ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი პაოლო იაშვილი მოღვაწეობდა 1894-1937 წლებში. მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან პაოლო იაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912-1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა პარიზში და შევიდა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: პიკასოს, აპოლინერს, მოდილიანის და ერენბურგს. იაშვილი პარიზში შეხვედრია კონსტანტინე ბალმონტს და უჩუქნია მისთვის "ვეფხისტყაოსანი". პაოლო იაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, ტ. ტაბიძესთან, ვ. გაფრინდაშვილთან, კ. ნადირაძესთან, ს. ცირეკიძესთან, ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს "ცისფერი ყანწების" ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს.
გამოფენა გაგრძელდება 1-ელ აგვისტომდე.