სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა პაატა ქარდავასთან დაკავშირებულ ბრლადებებს აბსურდულს უწოდებს და "ქართული ოცნების" მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.
ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ამბობს, რომ გარდაცვლილს კარგად იცნობდა და მის ოჯახს აქამდე პრეტენზიები არ ქონდა.
გუნავას თქმით, სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დავიდა იმ დონემდე, რომ "შავი პიარი" ააგოროს "ნაციონალური მოძრაობის" გუნდის წინააღმდეგ, რადგან "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვს.
"ეს არის მიზანმიმართული ქმედება ჩემი სახელის დისკრედიტაციისთვის. ისევე როგორც რომან შამათავა, მე და ჩემი მეგობრები ამ საქმეში არაფერ შუაში ვართ. პირადად ვიცნობდი პაატა ქარდავას, მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციელებმა მაშინ შემატყობინეს, როცა ავტომანქანა სოფელ ხურჩაში იპოვეს. მას შემდეგ ვცდილობდით დაგვედგინა მისი ადგილსამყოფელი, თუმცა მანქანაზე ხელის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ამ საქმის ჩემთვის გადმობრალება კი, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ჩემი გამარჯვების ეშინია", - განაცხადა თენგიზ გუნავამ.
თენგიზ გუნავა ქარდავების ოჯახის ბრალდებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ რამდენჯერმე შეხვდა გარდაცვლილის მეუღლესა და შვილს და ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც იმ დროისთვის ჰქონდა.
თენგიზ გუნავა არ გამორიცხავს, რომ მას უახლოეს დღეებში კიდევ ერთი გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის საქმე ხელისუფლებამ გახსნილად გამოაცხადოს და ამ საქმეშიც ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულოს.