ხვალ, 5 ივნისს, 18:00 საათზე, „თიბისი გალერეაში" გაიმართება მოხეური ხალხური სიტყვიერების კრებულის - „პირმა დაგლოცასთ ღვთისამა" - წარდგინება.
მოხეური ხალხური სიტყვიერების კრებულის შემდგენელ-რედაქტორები: ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე. კრებული მოიცავს ფოლკლორის სახელწმიფო ცენტრის არქივში დაცულ, 1937 წელს ადგილობრივ მკვიდრთა - მარო ხუციშვილი, გრიშა მარსაგიშვილი, სიმონ გუჯარაიძე - მიერ ჩაწერილ, დღემდე უცნობ ათეულობით უნიკალურ ფოლკლორულ ნიმუშს (ლირიკული ლექსი, ეპიკური ქმნილება, შაირი, შელოცვა, ანდაზა, გამოცანა, აფორიზმი, ამბავი, ზღაპარი...).
კრებული ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის საღვთო ღვაწლით გაჯერებული სიჭარმაგის უმშვენიერეს წლებს.
გამოცემაში ზედმიწევნით დაცულია დიალექტური ნორმები, კილოკავური ფორმები და გამოთქმები.
„პირმა დაგლოცასთ ღვთისამა" დასტურია იმისა, როგორი მტკიცე და მდიდარი იყო გასული საუკუნის 30-იანი წლების ხევში ფოლკლორული რეპერტუარის მოვლა-შენახვისა და შთამომავლობისათვის გადაცემის ძველთუძველესი ტრადიცია. ესაა საქართველოს ერთი უმშვენიერესი კუთხის მრავლისმეტყველი პოეტური მატიანე, ისტორიკოსთა თვალსაწიერის მიღმა დარჩენილი ლოკალური ამბებისა და მოვლენების სახიერი ანარეკლი, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სულიერი კულტურის მოზაიკურ ფონზე ხევის დამსახურების განსაზღვრასა და წარმოჩენაში.
წარდგინებას დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
„თიბისი გალერეაში" გამოიფინება მოხეური ეთნოტიპაჟისა და ყოფითი თავისებურებების ამსახველი ასი შავ-თეთრი ფოტოსურათი.
კრებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური დახმარებით გამოსცა გამომცემლობა „უნივერსალმა".
მოხეურ სიმღერებს შეასრულებს ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ჯვარული".