ხვალ, 5 ივნისს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებებს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე.
13:00-დან 18:00 საათამდე მუზეუმის ყველა ასაკის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ გამოფენებს, მიიღონ მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამებსა და შემეცნებით თამაშებში, დაესწრონ ლექციებს და ჩაერთონ მასტერკლასში, რომელიც მუზეუმის ეზოში გაიმართება.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ექსპონირებული იქნება გამოფენა სახელწოდებით ,,ბუნება და ადამიანი", რომელზეც National Geographic-ს მიერ სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოები იქნება წარმოდგენილი.
გამოფენას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და National Geographic საქართველო.
გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები გამოირჩევა როგორც ისტორიული, ისე მეცნიერებული ღირებულებებით და მსოფლიო მასშტაბით დღესაც სპეციალისტთა მაღალ შეფასებას იმსახურებს.
16:00 საათზე მუზეუმის ეზოში მოეწყობა მასტერკლასი „პრეისტორიული ქვის იარაღის დამზადება", რომელსაც ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი ნიკ ტოტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგები დავით ჟვანია და გიორგი ბიძინაშვილი ჩაატარებენ. ნიკ ტოტი ქვის ხანის ინსტიტუტის თანადამფუძნებელია. ის აქტიურად არის ჩართულია ქვის იარაღის შექმნისა და გამოყენების შემსწავლელ ექსპერიმენტულ კვლევებში. მის ინტერესთა სფეროს მოიცავს პრეისტორია, პალეოლითი, ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების ევოლუცია, ექსპერიმენტული არქეოლოგია, მიკროსკოპული არქეოლოგია, ზოოარქეოლოგია, ეთნოარქეოლოგია, და პრიმიტიული ტექნოლოგიები. იგი 2004 წლიდან მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის წევრია.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.