განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი დღეს, ბათუმის საზღვაო აკადემიაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. აკადემიის ერთ-ერთი სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისათვის, 2009 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „უმაღლესი სასწავლებლის რეაბილიტაცია" ფარგლებში, სამინისტროს მიერ 49 310 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით განხორციელდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაო.
გიორგი ჩახნაშვილის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის, ტექნიკური და მატერიალური აღჭურვილობის თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა, ყოველივე ეს, განახლებულ სასწავლო პროგრამებთან ერთად, უზრუნველყოფს ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებას.
როგორც ცნობილია, ბათუმის საზღვაო აკადემია საქართველოში ერთადერთი უმაღლესი საზღვაო სასწავლებელია, სადაც პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 1621 სტუდენტი სწავლობს.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „უმაღლესი სასწავლებლის რეაბილიტაცია" ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით (670000 ლარი) აკადემიაში თანამედროვე ტიპის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საზღვაო სასწავლო საწვრთნელ-ტრენაჟერული ცენტრი ამოქმედდა. შეძენილ იქნა 5530 ლარის ინვენტარი, 119610 ლარის კომპიუტერული ტექნიკა და 78584 ლარით შესრულდა ბიბლიოთეკის გაფართოების სამუშაოები. აკადემიამ სამინისტროს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 18840 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა და უახლესი საზღვაო კონვენციური, სახელმძღვანელო და სამეცნიერო ლიტერატურით შეავსო ბიბლიოთეკა.