ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ამჯერად აჭარაში იმყოფება და რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უწყებიდან აცნობეს, მინისტრმა უკვე დაათვალიერა დევნილთა ერთ-ერთი საცხოვრებელი ობიექტი, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 25 ოჯახი ცხოვრობს.
აღნიშნულ ობიექტს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შეიცვალა კარ-ფანჯრები, გაკეთდა ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, მოწესრიგდა კომუნიკაციები და აღნიშნული ფართები დევნილებს საკუთრებაში გადაცემათ.
მინისტრმა დევნილებთან საუბრისას განაცხადა, რომ ობიექტის საკუთრებაში გადაცემა ორ თვეში დასრულდება.
"ამ ობიექტში სოხუმელები, ოჩამჩირელები და გაგრელები ცხოვრობენ. ხედავთ რა კარგად არიან, გავარემონტეთ და მაქსიმუმ ორ თვეში ეს ობიექტი მათი საკუთრება გახდება. აქ ძალიან ცუდი პირობები იყო და არავინ ფიქრობდა რომ ასეთ სახეს მიიღებდა", - განმარტა სუბელიანმა.
საქართველოს მასშტაბით დევნილთა 1600 ორგანიზებული ჩასახლების ობიექტი არსებობს. აქედან 400 ობიექტის რეაბილიტაცია დასრულებულია. პროცესი გრძელდება.