მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზებიდან გამომდინარე წელს დაგეგმილი 5 %-იანი ეკონომიკის ზრდის მიღწევა გაძნელდება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ეკონომიკისსაკითხებში ლევან კალანდაძემ განუცხადა. მისი შეფასებით, 2014 წელსაც ქვეყნის ეკონომიკაში იგივე პროცესები ვითარდება რაც 2013 წელს დაფიქსირდა.
„ტენდენციის ანალიზი მე არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, რომ 2014 წელს 5 %-იანი ზრდა მიღწეული იქნება. 2014 წლის მიმდინარე პერიოდს რასაც ვაკვირდები, ძალიან გავს 2013 წლის ანალოგიურ პერიოდს. მაშინაც 6 %-იანი მარჟა იყო, ხელისუფლება ჯიუტად ამტკიცებდა, რომ პროგნოზი მიღწეული იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ გაირღვა ბიუჯეტი, მოხდა ლარის დევალვაცია, შესაბამისად მაკროეკონომიკური პარამეტრები მშპ-ს ზრდის ზრდის თვალსაზრისით ვერ იქნა უზრუნველყოფილი. წელსაც ის ტენდენციაა"- აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კალანდაძე.
კალანდაძე ეკონომიკური ზრდის მთავარ ინდიკატორად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
„ეს დამოკიდებულია ეკონომიკურ აქტიობაზე, რისი შენარჩუნებაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო და ეკონომიკის აქტიობის შედარებით მაღალი ტემპი დაფიქსირებული იყო წინა წლის გადმოყოლილი ინერციის შედეგად. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. როგორც ხელისუფლება გეგმავს 1მლნ დოლარის ფარგლებში უნდა იყოს, ეს პრაქტიკულად არ განსხვავდება 2013 წლის მაჩვენებლებისაგან და გარკვეული მოლოდინები ამ თვალსაზრისით არ უნდა გვქონდეს. ამას ემატება საბიუჯეტო პრობლემებიც, რომელიც დაკავშირებულია გრანტებისა და სესხების მობილიზებასთან"- აცხადებს კალანდაძე.
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,7 პროცენტი, ხოლო 2014 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა.