ოფიციალური თბილისი რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მინიჭებას უკანონობად აფასებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, "რუსეთის ფედერაციას არ გააჩნია რაიმე კომპეტენცია გაეროს ფარგლებში არსებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება რომელიმე აეროპორტისათვის ოთხნიშნა ალფაბეტურ-ციფრული კოდის მინიჭების თაობაზე".
"აღნიშნული სახის გადაწყვეტილება განეკუთვნება მხოლოდ ICAO-ს ექსკლუზიურ კომპეტენციას და ასეთი კოდები ქვეყნდება ICAO -ს დოკუმენტში "7910: ლოკაციის ინდიკატორები". შესაბამისად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადება არის მორიგი მცდელობა შეცდომაში შეიყვანოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა", - ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შამბას გუშინდელი განცხადებით, "სოხუმის აეროპორტმა საერთაშორისო კოდი მიიღო, რომელიც რუსეთმა გამოყო".