ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს 2013 წელს საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. ამჯერად ორგანიზაციამ წარმოდგინა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიებისა და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოწოდებული ინფორმაცია პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ.
IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები საშუალოდ შეადგენს 300 000 ლარს. 2013 წელს თანამდებობის პირების შემოსავლებში ყველაზე დიდი თანხა პრემიისა ან სახელფასო დანამატის სახით მიღებულია კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრების მიერ - თითოეულ მათგანს მიღებული აქვს დაახლოებით 120 000 ლარის ოდენობის პრემია (ხელზე 96 000 ლარი). აღნიშნული დაწესებულებების თანამდებობის პირებიდან ერთ თვეში ყველაზე დიდი თანხა პრემიის ან სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს კარლო კვიტაიშვილს - ოქტომბრის თვეში მან პრემიის სახით მიიღო 29 955 ლარი (ხელზე 23 964 ლარი). ოქტომბრის თვეში კომისიის წევრებზე პრემიები გაიცა ორჯერ ხელფასის 100% - ის და 80% -ის ოდენობით.
ამასთან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2013 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრის სერგო მესხის შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 284 289 ლარი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების სიდიდით გამორჩეულია აგრეთვე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 2013 წელს ცესკოს თავმჯდომარეს (ზურაბ ხარატიშვილი 8 თვე, თამარ ჟვანია 4 თვე), მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ 265 272 ლარი.
ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა (ოთარ ნადარაია და არჩილ მესტვირიშვილი) დეკემბრის თვეში თითოეულმა პრემიის სახით მიიღო 20 000 ლარი.