სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა დღეს დათა ახალაიას ადვოკატებისა და რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახის შეხვედრა, დიდი დიღმის დასახლებაში.
საქმე ეხება იმ საცხოვრებელ კორპუსებს, რომელიც თბილისის მერიისა და შვეიცარიის მიერ არის აშენებული და გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველებისთვის.
როგორც დათა ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, სოციალურად დაუცევლებისთვის განკუთვნილ სახლში შეასახლეს კახა დაბრუნდაშვილი, ერთერთი მოწმე დათა ახალიას საქმეზე. დაპირისპირებული მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, თავად დაბრუნდაშვილმა განაცხადა, რომ დათა ახალაიას ადვოკატების ბრალდებები აბსურდულია.
დათა ახალაიას ადვოკატები პროკურატურას ბრალდებებს უყენებენ და გირგვლიანის საქმის ერთერთ მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
დაცვა ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარემ ყოფილ პატიმარს, რომელიც გირგვლიანის საქმის მოწმეა, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, ცრუ ჩვენება მიაცემინა.
დათა ახალაიას ადვოკატები ამბობენ, რომ მოწმეს მიანიჭეს სოციალურად დაუცველის სტატუსი და ოჯახთან ერთად დიდ დიღომში, სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ ბინაში შეასახლეს.