ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი ღია წერილით მიმართავს საქარტელოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ჰენრი კუპრაშვილზე განხორციელებული ძალადობაზე რეაგირებას ითხოვს.
„საინფორმაციო საშუალებებიდან (პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო და სხვ.) ცნობილი გახდა, რომ ე.წ. „ავტორიტეტული" სამყაროდან, შვიდმა ადამიანმა დღისით-მზისით, საკუთარ ეზოში თავს დაესხნენ და ცემეს ცნობილი მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და „მხედრული მამაცობისათვის", ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს და „სამგალითო სამსახურისთვის" უკრაინის შინაგანი ჯარების პირველი ხარისხის მედლების კავალერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, გადამდგარი პირველი კლასის სახელმწიფო მრჩევლი, ვიცე-პოლკოვნიკი, უპარტიო, ომის ვეტერანი, 2002 წლის ადამიანი, უნიკალური კოლხური სტილით ცურვის აღმდგენელი, მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალი წესის დამამკვიდრებელი, ტ/კომპანია სი-ენ-ენ-ის მიერ „ადამიან დელფინად" მონათლული...
ჩვენ ვგმობთ აღნიშნულ ძალადობას და იმედი გვაქვს, დაინტერესდებით სახელოვანი სპორტსმენისა და მოქალაქის ჰენრი კუპრაშვილის ცემით და პირად კონტროლზე აიყვანთ აღნიშნულ საქმეს, რათა უმოკლეს ვადაში იქნეს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და საკადრისი მიეზღოთ დამნაშავეებს", - ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც უერთდებიან საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაცია, დავით აღმაშენებლის სახელობის ჩოხოსანთა კავშირი „ჩოხოსნები - 1973, საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია „აიეტი".
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჰენრი კუპრაშვილს თავს დაესხა რამდენიმე პიროვნება და მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.