იუნესკოში დაცული ზემო სვანეთის, სოფელი ჩაჟაშის სრული აღდგენის პროცესი უშგულის მუზეუმისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით დაიწყება.
ზემო სვანეთი სოფელი ჩაჟაში - 13 კოშკი, 4 ციხე-სახლი, 21 მაჩუბი, 11 ხალხური საცხოვრებელი და 1 ათეული დამხმარე ნაგებობა აერთიანებს შუა საუკუნეების იმ უძველეს არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც უშგულის თემში, მთა შხარას ძირას, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, ევროპის ყველაზე მაღალ სოფლად ითვლება და დაცულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ უშგულის მუზეუმი ერთობლივად მოინახულეს.
ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული მუზეუმის გადაწყვეტილებით, ჩაჟაში ახალი მუზეუმი და ვიზიტორთა ცენტრი შეიქმნება. ადგილზე უკვე შეირჩა უძველესი მაჩუბი, რომლის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე დღეში დაიწყება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით იკომოს-საქართველოს (არქიტექტორ-რესტავრატორი მერაბ ბოჭოიძე) მომზადებული აქვს ჩაჟაშის სრული რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედება არქიტექტურული კომპლექსის სრულ აღდგენა, რესტავრაცია-კონსერვაციას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით საქართველოს სექტემბრის თვეში იუნესკოს ექსპერტები ეწვევიან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერებენ რთულ მდგომარეობაში არსებულ ჩაჟაშს. ჩაჟაშის რეაბილიტაცია, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, იკომოსის საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციებითა და ჩართულობით წარიმართება.