„ოქროს სიის" გაუქმება მეხორბლეებს და ზოგადად სექტორს საკმაოდ რთულ სიტუაციაში ჩააყენებს, მიიჩნევს "მეხორბლეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ლევან სილაგავა. სილაგავა განმარტავს, რომ აღნიშნული რეჟიმის გაუქმებით, ხორბლის იმპორტიორები არსებული ფულადი რესურსით 18%-ით ნაკლები ხორბლის შემოტანას მოახერხებენ და ეს იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება მხოლოდ 10-12 %-ს აღწევს.
„1-ელი ივნისიდან „ოქროს სია" უქმდება. იმპორტის დროს, ვისაც წელიწადში 200 ათას ლარზე მეტი ბრუნვა აქვს, მათ ქონდათ საშუალება რომ დღგ-ს გადასახადი განბაჟების შემდეგ გადაეხადათ. ზოგადად ადგილობრივი წარმოება დღგ-ს იხდის მყისიერად და ხოლო იმპორტირებულს გარკვეული ვადები ქონდა და დღგ-ს გადასახადს რეალიზაციის შემდეგ იხდიდა. საქართველოში პირველადი მიწოდება და მათ შორის ხორბალი დღგ-გან განთავისუფლებულია. აქედან გამომდინარე იმის თქმა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოება და იმპორტირებული სხვადასხვა პოზიციაზეა, არ შეიძლება. ანუ ჩვენს სფეროში ადგილობრივი წარმოება არ იჩაგრება.
არსებობს სეზონური პიკები, როდესაც რეგიონში: უკრაინაში, ყაზახეთში და რუსეთში ხორბლის მოსავალს იღებენ, ამ დროს პროდუქცია საკმაოდ დაბალ ფასად შეგვიძლია შემოვიტანოთ და მარაგები გავაკეთოთ. ეს კი ხდება თუნდაც იმიტომ, რომ ბაზარზე თუ კი რაიმე რყევა დაფიქსირდება, ჩვენ ადგილობრივი ბაზარი ამ შედარებით დაბალ ფასად ნაყიდი ხორბლით დაგვეკომპენსიროთ. „ოქროს სიის" გაუქმებით, კი მოხდება ის, რომ იმ ფულადი რესურით რაც ჩვენ გვაქვს 18 %-ით ნაკლები ხორბლის შემოტანა შეგვეძლება, ვიდრე აქამდე შემოგვქონდა"- აცხადებს სილაგავა.
"მეხორბლეთა ასოციაციის" თავმჯდომარე დარგის, მეორე უკვე პოტენციურ, პრობლემაზეც საუბრობს, რაც საქართველოს შესაძლოა თურქეთიდან დაემუქროს. სილაგავა არ გამორიცხავს, რომ საქართველოში თურქეთიდან ფქვილის შემოტანა დემპინგურ ფასებში მოხდეს.
„მეორე პრობლემა არის ისიც, რომ თურქეთი, რომელიც არის ვტო-ს წევრი და საკუთარი წარმოების ხორბალი ძლივს ყოფნის, (მათი ადგილობრივი წარმოება 22-22 მლნ ტონაა) მსოფლიოში ფქვილის იმპორტის მხრივ პირველ ადგილზეა.
თურქული კანონმდებლობით, თუ ქვეყანაში ხდება ხორბლის შეტანა, გადამუშავება და შემდგომ ფქვილის ექსპორტზე გატანა, ასეთ პირობებში თურქეთის სახელმწიფო ფქვილის ქვეყნიდან გატანას 30 %-ით ასუბსიდიერებს. ასეთ ფონზე თურქეთი ფქვილის ექსპორტის მხრივ პირველ ადგილზეა და ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას საკუთარი წარმოების ხორბალი თავადაც ძლივს ყოფნის. ცხადია ისინი სამომავლოდ ქვეყანაში საკმაოდ დაბალ, დემპინგურ ფასად შეძლებენ ფქვილის შემოტანას"- აცხადებს სილაგავა.
"მეხორბლეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ლევან სილაგავა ყურადღებას „ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიების შემოღების შესახებ" კანონპროექტზეც ამახვილებს, რომლის განხილვას სილაგავას თქმით, 5 თვის წინ მიმდინარეობა, თუმცა საბოლოოდ კანონპროექტი დამტკიცებამდე აღარ მისულა. კანონპროექტის მიხედვით, თუ კი რომელიმე სექტორში მზარდი იმპორტი დაფიქსირდებოდა, რაც ადგილობრივ წარმოებას აფერხებდა, კანონმდებლობით ჩნდებოდა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაზრდილი იმპორტისას, ამ კანონითგანსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შემოღებულ იქნას წინასწარი ან სპეციალური დაცვითი ღონისძიება.კანონპროექტში ასევე აღნიშნული იყო, რომ წინასწარი დაცვითი ღონისძიების სახით, შესაძლოა შემოღებულ იქნას წინასწარი ტარიფი, ხოლო სპეციალური დაცვითი ღონისძიების სახით - საიმპორტო ქვოტა ან სპეციალური ტარიფი.
თუმცა საქონლის გაზრდილი იმპორტისას სპეციალური დაცვითი ღონისძიების შემოღებას წინ უნდა უძღოდეს მოკვლევა, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
როგორც ლევან სილაგავა აცხადებს, ანალოგიურ ნორმას ვტო-ს ბევრი სახელმწიფო იყენებს. "მეხორბლეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონის მიღების წინააღმდეგ იმპორტიორები გამოდიოდნენ, თუმცა კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ იმპორტიორები აღნიშნული ნორმის მეხორბლეობის სექტორში ამოქმედებას მხარს დაუჭერდნენ, თუმცა საბოლოო კანონპროექტი მაინც „გაქრა".
ლევან სილაგავა იმედოვნებს, რომ ხელისუფლება დარგში არსებულ პრობლემებს და საფრთხეებს გაითვალისწინებს და დარგის განვითარების სასიკეთოდ იმოქმედებს.