,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა" (ICCN) და ,,მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველოს" (IMTD) ორგანიზებით გაიმართა ერთობლივი კონფერენცია თემაზე ,,სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი სამეზობლო თანაცხოვრების პერსპექტივები". როგორც ჟურნალისტებთან ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ციხისთავი-ხუციშვილმა განაცხადა კონფერენცია მიეძღვნა სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პერსპექტივებს როგორც ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების გარანტიებისათვის.
,,კონფერენცია მიეძღვნა სწორედ იმ მნიშვნელოვან თარიღს რომელსაც აღნიშნავს ქვეყანა და ეს არის ოცწლიანი ფაქტობრივი მდგომარეობა ყველა ქრონოლოგიურად არსებული კონფლიქტში მონაწილე მხარეების ხელმოწერილი შეთანხმებისა. დაწყებული 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებით დამთავრებული 2008 წლის მედვედევ-სარკოზ-სააკაშვილის ხელშეკრულებით. შედეგად მიღებული გვაქვს ის რომ ხელშეკრულებები ხელმოწერილია, მაგრამ მათი შესრულება არ მომხდარა. სამშვიდობო ინიციატივები მხოლოდ და მხოლოდ არასამთვრობოების მხრებზეა", _განაცხადა ნინო ციხისთავი -ხუციშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაცია და ხელისუფლებას მოუწოდეს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მშვიდობის გარანტიების მისაღებად და ამ მიზნით სამშვიდობო სახელმწიფო ფონდის შექმნის ინიციატივა შესთავაზეს, ამასთან ხელისუფლებას მიმართეს შეიმუშაოს სამეზობლო პოლიტიკის კონცეფცია საკუთრივ მეზობლებთან მიმართებაში.
,,მივმართავთ ხელისუფლებას მოახდინოს შესაბამისი რეაგირება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, მშვიდობის გარანტიების მისაღებად ქვეყანასა და რეგიონში. კონკრეტულად ჩვენი ერთ-ერთი წინადადება იქნება ის რომ უზრუნველყოს სამშვიდობო სახელმწიფო ფონდის შექმნა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით მოემსახურება სამშვიდობო ინიციატივების უზრუნველყოფას", _განაცხადა ნინო ციხისთავი-ხუციშვილმა.
კონფერენცია, რომელიც ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრის" ოფისში გაიმართა ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ფონდებისა და საელჩოს წარმომადგენლები.
კონფერენციაზე ,,სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი სამეზობლო თანაცხოვრების პერსპექტივები" მოხსენებით წარსდგნენ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ციხისთავი-ხუციშვილი, ,,მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კაკაბაძე, IMTD-ს ,,მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-სომხეთის" თავმჯდომარე არსენ ხარატიანი და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდიდან ზაურ ხალილოვი.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და შემუშავებული რეკომენდაციები განსახილველად სამთავრობო ორგანიზაციებს გადაეგზავნებათ.
მასალის გამოყენების პირობები