შპს. "მედგრუპ ჯორჯიას" ადვოკატი დიმიტრი გაბუნია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, ეფექტური რეაგირება მოახდინოს პარლამენტარ თემურ ფეიქრიშვილისა და მისი კლანის დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ადვოკატი ასევე მიმართავს მთავარ პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს, სასწრაფოდ იქნას გამოძიებული წავკისსა და გარდაბანში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობა, რომლის შესახებაც სერიოზული დოკუმენტაცია არსებობს.
როგორც დიმიტრი გაბუნიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
პარლამენტარ თემურ ფეიქრიშვილის საქმიანობის შესწავლის მიზნით დავალების გაცემაზე, პრემიერ-მინისტრმა განცხადება ორი წლის წინათ გააკეთა და დღემდე არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს.
"ჩვენ გვაქვს ყველა მასალა გადაცემული პროკურატურისთვის და ასევე ვფლობთ ძალიან სერიოზულ დოკუმენტაციას. დაინტერესდნენ და დავამტკიცებთ, თუ რა დანაშაულებრივ კლანთან გვაქვს საქმე. წავკისი და გარდაბნის რაიონი იმართება ამ კლანის მეშვეობით. ასევე მივმართავთ მთავარ პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს, სასწრაფო წესით იქნას გამოძიებული ამ ორგანიზებული ჯგუფის უკანონო მოქმედებები. არსებობს მტკიცებულებები, მოწმეები, არსებობს კონკრეტული ჩანაწერები ამ ჯგუფის დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, პროკურატურა დუმს,"-განაცხადა ადვოკატმა.
"მედგრუპ ჯორჯიას" ადვოკატის განცხადებით, საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან მოქმედებს საქართველოში და ეწევა ველნეს სპა კურორტების განვითარებას (ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება) წავკისში, საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს ნაყიდი, სადაც 25 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
მისი განმარტებით, ინვესტორის მხრიდან დღევანდელი მდგომარეობით, უკვე 7 მილიონ დოლარამდე არის დახარჯული, ჩატარებულია საკმაოდ სერიოზული სამუშაოები, მაგრამ ხდება ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირების ინტერესების სფეროში მოექცევა ხოლმე მსგავსი ტიპის პროექტები და ინვესტორის დანახვაზე საკუთარი მატერიალური და კორუფციული მიზნები უღვივდებათ.
როგორც გაბუნია აცხადებს, კონკრეტული კლანის ასეთი მიდგომით "მედგრუპ ჯორჯია" არის ძალიან შეწუხებული და ინვესტორი უკვე ფიქრობს, გააგრძელოს თუ არა თავისი საქმიანობის გაგრძელება. საქმე ეხება ქართველ ბიზნესმენს თამაზ მჭედლიძეს, რომელიც მოღვაწეობდა უცხოეთში და გადაწყვიტა, რომ საკუთარ ქვეყანაში გაეკეთებინა საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის განმტკიცების სფეროში.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს ადამიანები მოერგნენ ახალ მთავრობას. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ კონკრეტული ლობისტები და მფარველები ყავთ უკვე ახალ ხელისუფლებაში და შესაბამისად, ეს ადამიანებიც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, რომელსაც მანამდე ახორციელებდნენ"-განაცხადა გაბუნიამ .
მისივე თქმით, ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს, პარლამენტარი თემურ ფეიქრიშვილი, რომელიც იყო ტაბახმელას და წავკისის გამგებელი და მან ჯერ კიდევ 1994 წლიდან დაიწყო მიწების დაპრივატება.
"უკვე დიდი ხანია, მის კლანურ ჯგუფში შედიან მისივე ოჯახის წევრები: შვილი გიორგი ფეიქრიშვილი, რომელიც კუდის ყოფილი თანამშრომელია , ასევე ქოროღლიშვილები და ჯაფიაშვილები, რომლებიც წავკისის და ტაბახმელას საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსები არიან და ამ წლებიდან მოყოლებული დღემდე 227 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გაიფორმეს პირად საკუთრებაში. მათ მიწის ნაკვეთები კუნძულოვნად აქვთ ხელში ჩაგდებული, რომელსაც ძალიან ძვირად ყიდიან", -განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში "მედგრუპ ჯორჯიას" ინვესტირების განხორცლებაში ხელიშეშლა გამოიხატება იმაში, რომ ინვესტორს პრაქტიკულად სძალავენ თანხას პატარ-პატარა მიწის ნაკვეთებით. " მათ სურთ, რომ 5 ლარიანი მიწა 100 დოლარად გაიყიდოს და დღეის მდგომარეობით ამას წარმატებით ახორციელებენ. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამ ჯგუფის ტვინი არის ვაჟა ლელუაშვილი, კუდის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ყოფილი მოადგილე და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ცნობილ ჩანაწერებთნ დაკავშირებით ეს ადამიანი უშუალოდ კურირებდა ამ თემებს", -აღნიშნა მან.
დიმიტრი გაბუნიას თქმით, ჩამოთვლილი არგუმენტებიდან გამომდინარე, ინვესტორი ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხელს უწყობს პარლამენტარ თემურ ფეიქრიშვილს და მის ბანდას, რათა ინვესტორს ფული გამოსძალონ.
"ჩვენ არ გვსურს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ეს საკითხი გავიტანოთ, თუმცა, თუ პრობლემა დროულად არ იქნება აღმოფხვრილი, არათუ შეფერხდება 25 მილიონიანი ინვესტიცია, არამედ ინვესტორი საერთოდ წავა საქართველოდან"-განცხადა ადვოკატმა.
ინვესტორ თამაზ მჭედლიძეს, რომელიც არის შპს "მედგრუპ ჯორჯიას" დამფუძნებელი", პეტერბურგში, მოსკოვსა და პრაღაში გააჩნია 21 კლინიკა და საქართველოში არანაირი ობშორული კომპანიების მეშვეობით არ არის წარმოდგენილი.