"მედ გრუპ ჯორჯიას" ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ხელისუფლებაში მყოფ პირებს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებს და მათი მხრიდან 25 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ხელის შეშლაზე საუბრობს.
საქმე ეხება თბილისის მახლობლად წამოწყებული გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებულ დავას, რომელიც შპს "მედ გრუპ ჯორჯიასა" და ე.წ. "წავკისელ ფეოდალებს" შორის მიმდინარეობს.
როგორც "თბილისი მერიოტში" დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, მოცემული პროექტის განხორციელებას მიზანმიმართულად უშლის ხელს კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც სახელისუფლებო ბერკეტების ბოროტად გამოყენების გზით, მოერგნენ ახალ მთავრობას და დეზინფორმაციის ტირაჟირებით აგრძელებენ გამომძალველ საქმიანობას, საკმაოდ სერიოზული ინვესტორისა და ინვესტიციების წინააღმდეგ. მათივე თქმით, ხელისუფლებაში მყოფი პირების მოქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინვესტორს და ინვესტიციას, არამედ მთლიან საინვესტიცო გარემოს საქართველოში.
როგორც გაბუნიამ განაცხადა, ჯგუფს სათავეში უდგას პარლამენტარი თემურ ფეიქრიშვილი, ხოლო ორგანიზებულ ჯგუფში არიან: პარლამენტარის შვილი გიორგი ფეიქრიშვილი, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ვაჟა ლელუაშვილი, ფეიქრიშვილის ახლო ნათესავები და სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც არასამთავრობო სექტორს არიან შეფარებული და ა.შ.
"მედ გრუპ ჯორჯია", რომლის ინტერესებსაც სასამართლოში დიმიტრი გაბუნია იცავს, წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიას, რომელმაც ოპერირება საქართველოში 2007 წელს დაიწყო.
კომპანიის გეგმებში შედის საქართველოს ველნეს ინდუსტრიის ცენტრად ჩამოყალიბება. ამ მიზნით დაწყებულია ევროპულ სტრუქტურებში ქართული სპა და ველნესის უნიკალური კონცეფციის წარდგენა და პატენტირება, პირველი ვერტოდრომის მშენებლობა; ველნეს კურორტის მშენებლობა და კოჯრის ტყეპარკის მოწყობა-რეორგანიზება.