დღეს, 27 მაისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან შეხვედრა გაიმართება.
გიორგი მაისურაძის „დაკარგული კონტექსტები" 2013 წლის ლიტერატურული პრემია „საბას" გამარჯვებული გახდა ნომინაციაში წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა. ეს გიორგის მეორე საბა იყო . მან 2012 წელსაც იგივე ნომინაციაში მოიპოვა „საბას" პრემია.
გიორგი მაისურაძე უკვე რამდენიმე წელია ბერლინში (გერმანია) ცხოვრობს.მუშაობს ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრში და ლექციებს ჰუმბოლტის უნივერსიტეტში კითხულობს.
შეხვედრას მოდერირებას გაუწევს ვაკო ნაცვლიშვილი.
ეს მეექვსე შეხვედრაა ციკლიდან „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში", რომელიც მწერალთა სახლისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტია. პროექტი 10 თვე გაგრძელდება და მწერალთა სახლში თვეში ერთხელ, მკითხველები შეხვდებიან ლიტერატურული პრემია „საბას" 2013 გამარჯვებულებს. მკითხველს საშუალება ექნება ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს, მოუსმინოს ჟიურის წევრებსაც, და გაიგოს, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია.