გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ გამოფენილი სტენდები დაათვალიერა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მინისტრის განცხადებით, კარგი ტრადიციაა, რომ უწყებები თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის ამ ფორმით აწვდიან.
,,პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ის ბევრი თაობის სისხლითა და ოფლითაა მოპოვებული. ძალიან კარგია, რომ ასეთი ტრადიცია ინერგება და სამინისტროებს თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვთ, ადამიანები უშუალოდ ეცნობიან, ამ ყველაფერმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ტრადიცია დაინერგება, რადგან აღნიშნულით ერთის მხრივ, მთავრობის წევრები მოსახლებას ხვდებიან და მეორეს მხრივ, მოსახლეობა ეცნობა იმ საქმიანობას, რასაც უწყებები ახორციელებენ. ჩვენს უწყებას უამრავი მიმართულება აქვს. აქ წარმოდგენილია ს სამინისტროს თითქმის ყველა სტრუქტურული დანაყოფი. ჩვენ გვყავს უაღრესად ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც მთავრობისგან სულ პატარა ყურადღების შემთხვევაში უდიდესი შესაძლებლობა აქვთ, რომ მსოფლიო სტანდარტებზე გავიდნენ და ძალიან წარმატებულ კომპანიებს კონკურენცია გაუწიონ,-'' განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე დილიდან ხალხმრავლობაა. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპებმა და სხვა სტრუქტურულმა ერთეულებმა თავიანთი სტენდები და ნამუშევრები წარმოადგინეს. დამთვალიერებლებს შეუძლიათ დედაქალაქის მთავარ გამზირზე იხილონ სსტც ,,დელტას" მიერ დამზადებული სამხედრო პროდუქცია, მათ შორის, ქსმ ,,ლაზიკა" და რამდენიმე მოდიფიკაციის ,,დიდგორი." ასევე, საფრენი აპარატი, რომელიც ადმინისტრაციული დანიშნულებისაა. თვითმფრინავი დემოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ,,დელტას" საჩვენებელი ღონისძიების ერთ-ერთი სამოქალაქო ექსპონატია.
ასევე, ,,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა" და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" კუთხე, სახმელეთო სააგენტოს ელექტრომობილები, ,,სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის" რუკები, ,,საქართველოს ფოსტა", ,,საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო", ,,ბათუმის საზღვაო აკადემია", რომელიც წარმოდგენილი იყო მცირე ზომის ხის გემით, ,,საქაერონავიგაცია". განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ,,ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" პროდუქციამ- რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია ქართული წარმოების რობოტო ტექნიკის, შუქდიოდური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების, მათ შორის ოკულუს რიფტ ( Oculus rift) ტექნოლოგია და მასზე დამყარებული კომპიუტერული თამაშები და აპლიკაციები. ასევე, წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული თამაშები კომპიუტერული და მობილური პლატფორმებისთვის. ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქცია და ახალგაზრდული ბიზნეს-მარათონი ,,20-200." ასევე, ვიზუალური და კომპიუტერული გრაფიკის ნამუშევრები.
ცალკე კუთხე დაეთმო მთავრობის ახალ ინიციატივას ,,აწარმოე საქართველოში". მსურველებს პროგრამის შესახებ ინფორმაციის ადგილზე გაცნობის საშუალება ეძლევათ.
მასალის გამოყენების პირობები